24.მაი.2018

მემორანდუმი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ბათუმის ნავთობტერმინალს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ

 2018 წლის 22 მაისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საკონფერენციო დარბაზში     გაიმართა  მემორანდუმზე ხელისმოწერის ცერემონია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულ სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და  შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.   მემორანდუმს ხელი მოაწერეს საზღვაო აკადემიის მხრიდან რექტორმა ირაკლი შარაბიძემ, ხოლო შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მხრიდან გენერალურმა დირექტორმა მურატ ჯუმადილლაევმა.

მემორანდუმის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ტერმინალი მიმართავს აკადემიას პერსონალის სწავლებასთან დაკავშირებით, ხოლო აკადემია თავის მხრივ განახორციელებს მომსახურებას ბათუმის ნავთობტერმინალის თანამშრომელთა პროფესიული სწავლების/პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ორგანიზაციასა და ჩატარების დარგში. საგანმანათლებლო პროგრამების კურსების დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგების მიხედვით, აკადემია გასცემს დასაქმებულის პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ სეტრიფიკატებს, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების თანახმად, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილ პირობებს. თანამშრომლობის საწყის ეტაპზე უკვე დაგეგმილია 21 ამწე-მექანიზმების ოპერატორის და გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების სამუშაოთა წარმოებაზე  პასუხისმგებელ პირთა  გადამზადება და ატესტაცია. გარდა ამისა, შემუშავების სტადიაშია ელექტროშემდუღებლებისა და აირმჭრელების გადამზადების პროგრამა.

ერთობლივი პროექტების განხორციელების და გამოცდილების გაზიარების ფარგლებში, ტერმინალი თავის მხრივ უზრუნველყოფს ბაკალავრებისათვის და აკადემიის პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის გავლას წინასწარ შეთანხმებული პროგრამის შესაბამისად, რაც სტუდენტებს მისცემს აკადემიის კედლებში დაუფლებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას. სამომავლოდ იგეგმება ტერმინალის საწარმოო საჭიროებაზე მორგებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, რაც საკადრო რეზერვის ბაზის შექმნის არაჩვეულებრივ წინაპირობად შეიძლება იქცეს.

ამგვარად, მემორანდუმის ხელმომწერ მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა მიმართულია ეფექტური ურთიერთქმედებების ჩამოყალიბებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საწარმოო ობიექტს შორის და ამით მოუწოდებს უზრუნველყოფილი იქნას, როგორც ტერმინალის დასაქმებულთა პროფესიული მომზადების მაღალი დონე, ასევე აკადემიის სტუდენტების საწარმოო პროცესში ჩართულობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.  

სრული ვერსია

ვიდეო მასალა